სიმბოლო

ოქროს ჯვარი და მის ცენტრში მოთავსებული წითელი ვარდი. ჯვარი განასახიერებს ადამიანის სხეულს, ხოლო ვარდი სიმბოლურად წარმოადგენს ადამიანის ამაღლებულ სულს

რაობა

ფილოსოფიური, საინიციაციო და ტრადიციული, არა-რელიგიური და აპოლიტიკური მსოფლიო მოძრაობა, რომელიც ღიაა ნებისმიერი რასის, რელიგიის თუ სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცებისა და ქალებისათვის

დევიზი

“უვრცესი შემწყნარებლობა, უმკაცრესი დამოუკიდებლობა“

მიზანი

როზენკროიცერთა მიერ საუკუნეების განმავლობაში მემკვიდრეობით გადმოცემული ფილოსოფიური ცოდნის შენახვა; ცოდნის, რომელიც უკავშირდება სამყაროს, ბუნებისა და თავად ადამიანის მისტერიებს

წევრთა რაოდენობა

დაახლოებით 250 000 მთელ მსოფლიოში

ტრადიციული წარმოშობა

როზენკროიცერული ტრადიცია იწყება ანტიკური ეგვიპტის მისტერიულ სკოლებში მეთვრამეტე დინასტიის მმართველობისას, ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1500 წელს. ამ სკოლებში, რომელთა არსებობასაც ადასტურებენ ახლა უკვე ისტორიკოსთა და ეგვიპტოლოგთა უმრავლესობა,  სამყაროს მისტერიათა შესასწავლად თავს იყრიდნენ ინიცირებულნი. ამდენად, სიტყვა „მისტიციზმი“ ზუსტი მნიშვნელობით აღნიშნავს „მისტერიათა სწავლებას“

დროთა განმავლობაში, ამ სწავლებებმა სათავე დაუდო ცოდნას, რომელიც გავრცელდა ჯერ ანტიკურ საბერძნეთში, შემდეგ რომის იმპერიაში, შემდეგ შუა საუკუნეების ევროპაში და აქედან უკვე საბოლოდ  მე-17 საუკუნის როზენკროიცერებშიც.

ისტორიული წარმოშობა

წმინდად ისტორიული გადმოსახედიდან, როზენკროიცერები იდუმალი საბურველიდან 1623 წელს გამოვიდნენ, როდესაც საკუთარი არსებობა გაამხილეს საფრანგეთში, პარიზის ქუჩებში პლაკატების გავრცელებით: „ჩვენ, როზენკროიცერთა მთავარი წრის წარმომადგენლები, ხილულად და უხილავად ვაცხადებთ ჩვენს ყოფნას ამ ქალაქში...“. რამდენიმე წლით ადრე კი იმ დროის მოაზროვნეთათვის გამოქვეყნდა მანიფესტები: „საძმოს დიდება“ (Fama Fraternitatis, 1614), „საძმოს მრწამსი“ (Confessio Fraternitatis, 1615), და „ქრისტიან როზენკროიცის ქიმიური ქორწინება“ (Chymical Wedding of Christian Rosenkreutz, 1616).

2001 წლის მარტში, ამორკმა გამოაქვეყნა მეოთხე მანიფესტი „ვარდისა და ჯვრის საძმოს პოზიცია“ (Positio Fraternitatis Rosae Crucis), რომელსაც 2014 წელს მოჰყვა მორიგი მანიფესტი, „ვარდისა და ჯვრის საძმოს მიმართვა“ (Appellatio Fraternitatis Rosae Crucis). მე-18 საუკუნეში მჭიდრო კავშირი არსებობდა როზენკროიცერებსა და თავისუფალ ქვისმთლელებს შორის, მაგრამ ეს ორი ორგანიზაცია დღეს სრულიად დამოუკიდებელია ერთმანეთისაგან. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ამორკი მფარველობს ტრადიციულ მარტინისტთა ორდენს, რომელიც დაფუძნებულია ფრანგი ფილოსოფოსის ლუის-კლოდ დე სენტ-მარტინის (1743-1803) იდეებზე.

გამოღვიძება

1909 წელს, როზენკროიცერული ცოდნით დაინტერესებული ამერიკელი ეზოთერიკოსი ჰარვეი სპენსერ ლუისი (1883-1939),  საფრანგეთის  როზენკროიცერებთან შეხვედრის მიზნით, მიემგზავრება ტულუზაში, სადაც ორდენი მიძინების პირას იმყოფებოდა. იქ ხელდასხმის შემდეგ მას მიენდო შეერთებულ შტატებში ორდენის ხელახალი გააქტიურების მისია, რათა მოგვიანებით კვლავ წარმსდგარიყო ევროპის წინაშე მაშინ, როცა ვითარება უფრო ხელსაყრელი იქნებოდა (პირველი მსოფლიო ომი უკვე მოჩანდა ჰორიზონტზე). ჰარვეი სპენსერ ლუისმა მისია შეასრულა, ისტორიული და ტრადიციული წარმომავლობის ხაზგასასმელად კი ორდენს უწოდა „ვარდისა და ჯვრის ანტიკური და მისტიკური ორდენი“ (ლათ. Antiquus Mysticusque Ordo Rosae Crucis; ინგ. Ancient and Mystical Order of the Rose Cross; აქედან აბრევიატურა A.M.O.R.C. ანუ ამორკ). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამორკი ეტაპობრივად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.   

დღევანდელი სტრუქტურა

დღესდღეობით ამორკი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. იგი მოიცავს არაერთ იურისდიქციას, რომელიც თავის მხრივ ფარავს რამდენიმე საერთო ენის მქონე ქვეყანას. შესაბამისად, ორდენს გააჩნია იურისდიქციები გერმანული, ინგლისური, ესპანური, ფრანგული, იტალიური, ბერძნული, რუსული, სკანდინავიური, იაპონური და სხვა ენებისათვის. ყოველი იურისდიქციის მთავარ სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ტრადიციულად ეწოდება „დიადი ლოჟა“, ხელმძღვანელობს 5 წლის ვადით არჩეული დიადი მასწავლებელი. მთლიანად ორდენს უძღვება უზენაესი საბჭო. ეს უკანასკნელი შედგება ყველა იურისდიქციის დიადი მასწავლებლებისაგან, რომელთაც მეთაურობს ასევე 5 წლიანი ვადით არჩეული იმპერატორი (ტერმინი „იმპერატორი“, რომელიც უკვე გამოიყენებოდა მე-18 საუკუნეში, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “Imperare sibi”, რაც ნიშნავს „საკუთარი თავის ბატონს“).

სწავლება

1909 წლამდე როზენკროიცერული სწავლებები ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა და ისიც გასაიდუმლოებულ ადგილებში. სწორედ ამიტომ მოიხსენიებდნენ ერთ დროს ორდენს „საიდუმლო საზოგადოებად“. ამ დროიდან მოყოლებული ორდენის სწავლებებმა წერილობითი ფორმა მიიღო, რომელიც მონოგრაფიების სახით ყოველთვიურად ეგზავნება წევრებს. სწავლება გადანაწილებულია 12 საფეხურზე, რომელთაგან თითოეული ეთმობა ისეთ ფილოსოფიურ და მისტიურ საკითხებს როგორიცაა ღვთაებრიობის არსი, სამყაროს წარმომავლობა, მატერიის სტრუქტურა, დროისა და სივრცის ცნება, სიცოცხლის კანონები, ევოლუციის მიზანი, ადამიანის სული და მისი თვისებები, ცნობიერების საფეხურები, ფსიქიკის ფენომენი, სიკვდილის მისტერია, სიცოცხლის შემდგომ ცხოვრება და რეინკარნაცია, ტრადიციული სიმბოლიზმი და სხვა. სწავლება ასევე მოიცავს უამრავ ექსპერიმენტს, რომელიც მიმართულია ისეთი ფუნდამენტური მისტიური ტექნიკების შესასწავლად, როგორიცაა რელაქსაცია, კონცენტრაცია, მენტალური ქმნადობა, მედიტაცია, სულიერი ალქიმია და სხვა.  

ძმური შეხვედრები

სახლში სასწავლი წერილობითი გაკვეთილების გარდა, სურვილის მქონე როზენკროიცერებს აქვთ შესაძლებლობა შეიკრიბონ ლოჟებში და მიიღონ მონაწილეობა ჯგუფურ სამუშაოებში. ამგვარი შეხვედრების მიზანი კულტურული და ფილოსოფიური საკითხების თავისუფლად გაზიარება და გაცვლაა. ამასთან ერთად, სწორედ ესაა ადგილი სადაც იმართება როზენკროიცერული ინიციაციები. ასეთი ინიციაციები, სულიერი მისწრაფებებისდა მიხედვით, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა  და არავითარ შემთხვევაში სავალდებულო. ამასთან ერთად, წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როზენკროიცერული ორდენის რეგიონულ, ეროვნულ, საერთაშორისო თუ მსოფლიო პერიოდულ კონვენციებში. მასშტაბისდა მიუხედავად, ყოველი ასეთი ტიპის კონვენცია გულისხმობს მისტიურ და ძმურ აქტივობებს.

ცნობილი ადამიანები

გასულ საუკუნეებში უამრავი ცნობილი ადამიანი ირიცხებოდა ორდენის რიგებში ან იმყოფებოდა მასთან კავშირში. მათ შორის არიან პარაცელსი (1493-1541), ფრენსის ბეკონი (1561-1626), მაიკლ მაიერი (1568-1622), რობერტ ფლადი (1574-1637), იაკობ ბოემე (1574-1624), კომენიუსი (1592-1670), რენე დეკარტე (1596-1650), ელიას ეშმოლი (1617-1692), ბარუხ სპინოზა (1632-1677), ისააკ ნიუტონი (1642-1727), ვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716), ბენჟამინ ფრანკლინი (1706-1790), გრაფი სენტ-ჟერმანი (1696?-1727), კალიოსტრო (1743-1795), მაიკლ ფარადეი (1791-1867), ჟოზეფინ პელადანი (1858-1918), კლოდ დებიუსი (1862-1918), მარიე კორელი (1864-1924), პაპიუსი (1865-1916), ერიკ სატიე (1866-1925), ფრანსუა ჟოლივე-კასტელო (1868-1937), ნიკოლას რერიხი (1874-1947), ედიტ პიაფი (1915-1963), ივეს კლეინი (1928-1962) და სხვები. დღესდღეობით ამორკი კვლავ აერთიანებს მოაზროვნეებს, მეცნიერებს და ცნობილ არტისტებს, რომელნიც, ჩვეულებისამებრ, ამჯობინებენ ანონიმურობას.  

Support the Order

Related Links

"Mysticism teaches cosmic laws and principles by which we are brought into closer consciousness of our divine power. The mystical experience of union with the One imposes upon the mystic a moral obligation — to use this knowledge for the welfare of others."
- Rosicrucian Manuscript